გაეროს მოდელირების კონფერენცია

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გაეროს მოდელირების კონფერენცია ვენაში წარმატებით დასრულდა და სკოლა “სადუნის” პირველმა დელეგაციამ ღირსეულად წარადგინა თავი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

ჩვენი დელეგაციისთვის ეს იყო პირველი, მაგრამ უდიდესი მიღწევებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოცდილება. ჩვენი მოსწავლეები მთელი გულითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ დისკუსიებში, წარმოაჩინეს ბრწყინვალე უნარები და თვისებები, რის შედეგადაც მათ დამსახურებული აღიარება მოიპოვეს როგორც თანატოლების, ისე ორგანიზატორების მიერ. დელეგატებმა ასევე აითვისეს დიპლომატიური კომუნიკაციის ეტიკეტი, ოფიციალური დოკუმენტების ფორმატირება, რეზოლუციების შედგენა და მოლაპარაკებების გზით შეთანხმებების მიღწევისთვის აუცილებელი ის უნარები, რომლებიც მათ დაეხმარება არამარტო აკადემიურ, არამედ პროფესიულ გზაზეც.

ხუთი დღის განმავლობაში “სადუნელები” არა მხოლოდ დიპლომატიისა და გაეროს მუშაობის რეალურ მექანიზმებს გაეცნენ, არამედ ევროპის შუაგულში აღმოაჩინეს ახალგაზრდული ცხოვრების ენერგია და მრავალფეროვნება. მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო სესიებსა და კულტურულ ღონისძიებებში, საერთო მიზნებისთვის გაერთიანდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და დაამყარეს ურთიერთობები, რომელიც საზღვრებს გასცდება.
მოსწავლეებმა დიდი შრომა ჩადეს მომზადების პროცესში, პასუხისმგებლობით და მიზანდასახულობით შეხვდნენ გამოწვევებს და ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც ჩვენი სკოლა, ასევე ჩვენი ქვეყანა. ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, უაღრესად ვამაყობთ მათი მიღწევებით!

დელეგაციის თითოეულ წევრს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც მათი შრომის, მონდომებისა და წარმატების სიმბოლოა.

სკოლა “სადუნი” ამაყობს, რომ მისი პირველი ნაბიჯი გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი წარმატებული აღმოჩნდა.
მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს მონდომებისთვის და ვუსურვებთ, რომ ეს გამოცდილება მათი კარიერული და პიროვნული განვითარების მტკიცე საძირკვლად იქცეს.